პერსონალური ასისტენტი - ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ

A+
A-

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთი პირველი პრინციპი "ადამიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების, მისი ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემაა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით". 

კონვენციის მიხედვით, წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას შექმნან ისეთი გარემო და პირობები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავად შეძლებენ საკუთარი ცხოვრების წესის არჩევას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, ისევე, როგორც ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვათა მსგავსად შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ: 

  • სად და ვისთან ერთად იცხოვრებენ;
  • იცხოვრონ თუ არა სპეციალიზირებულად გამოყოფილ ადგილებსა და ინსტიტუციებში;
  • ყველასთვის განკუთვნილი რომელი სახელმწიფო და არასახელმწიფო სერვისით სარგებლობა სურთ;
  • გადაწყვიტონ რომელი მომსახურების მიღება სურთ (მათ შორის, პერსონალური ასისტენტის სერვისი).

გაეროს კონვენციის პარალელურად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს "საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" იცავს, რომლის საფუძველზეც, 2020 წელს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტი" დამტკიცდა. 

იქიდან გამომდინარე, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისი საქართველოში ახალი დანერგილია და მისი პილოტირება ჯერ მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, არსებობს რიგი საკითხებისა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ბუნდოვანია.

რა არის პერსონალური ასისტენტის სერვისი?

პერსონალური ასისტენტის სერვისი – მომსახურება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

პერსონალური ასისტენტის საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს:

  • სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებში გაყოლას (მაგ.: სამსახურში, ბანკში, საყიდლებზე, სასეირნოდ და ა.შ.);
  • ასისტირებას საყოფაცხოვრებო საქმეებში (მაგ.: საკვების მომზადება, დალაგება და ა.შ.);
  • პერსონალური დავალებების შესრულებას (მაგ.: ჩაცმას, კვებას და ა.შ.);
  • წიგნის/გაზეთების კითხვას, ნივთების გადაადგილებას და ა.შ.

რა შედეგს მივიღებთ პერსონალური ასისტენტის სერვისის ამოქმედებით?

პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა უნდა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს მას:

  • განახორციელოს კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე;
  • გაზარდოს საკუთარი დამოუკიდებლობის ხარისხი; 
  • გაზარდოს სოციალური აქტივობის დონე.

შეიძლება თუ არა პერსონალური ასისტენტი იყოს ოჯახის წევრი?

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" მინისტრის ბრძანების მიხედვით პერსონალური ასისტენტი არ შეიძლება იყოს ოჯახის წევრი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვთ უფლება თავად აირჩიოს ვინ იქნება მისი პერსონალური ასისტენტი. 

არსებულ რეალობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს პერსონალური ასისტენტი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარებას ძირითადად, ოჯახის წევრები ან მეგობრები უწევენ, ანაზღაურების გარეშე. 

ოჯახის წევრთა ჩართულობა პერსონალურ ასისტენტად მთელ რიგ პრობლემებსა და უხერხულობებს ქმნის, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას. ასევე, არსებობს სხვადასხვა სახის ემოციური კავშირი ოჯახის წევრებს შორის, რის გამოც, სერვისის მიმღებმა შეიძლება ვერ ან არ გამოთქვას უკმაყოფილება.

გამომდინარე იქედან, რომ დღეისათვის შშმ პირს ასისტირებას ძირითადად ოჯახის წევრები უწევენ, ეს ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. შესაბამისად, პერსონალური ასისტენტის სერვისი მნიშნელოვნად გამოუთავისუფლებს დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებს, გათავისუფლებული დრო კი, შეიძლება მათ დასასაქმებლად და ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად იყოს გამოყენებული.

ვინ შეიძლება იყოს პერსონალური ასისტენტი?

პერსონალური ასისტენტი შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც გამოხატავს თანხმობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაუწიოს მისთვის საჭირო მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას, ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

თვის განმავლობაში, რამდენი საათით შეიძლება ისარგებლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა პერონალური ასისტენტის მომსახურებით?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია ისარგებლოს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით თვეში მინიმუმ 60 საათის ოდენობით, თუმცა, ეს არ ზღუდავს მას საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მომსახურება აღნიშნულ საათებზე მეტი მოცულობით. ასისტირების საჭირო საათების მოცულობას მრავალდარგობრივი ჯგუფი კონკრეტული საჭიროების შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს.

რატომ გამოიყენება სიტყვა "ასისტირება" "დახმარების" ნაცვლად?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ ასოცირდებიან პირებთან, რომლებსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და სხვების დახმარებაზე არიან დამოკიდებულები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სიტყვა "დახმარება" საზოგადოებაში გარკვეულწილად ნეგატიურ ფონს ქმნის და ამყარებს არსებულ სტერეოტიპებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოყენებულია სიტყვა ასისტენტი და ასისტირება, რაც უფრო მკაფიოდ ასახავს სერვისის არსს და ხაზს უსვამს მხარდაჭერას. 

რა განსხვავებაა ასისტენტსა და მხარდამჭერს შორის?

პერსონალური ასისტენტი არის ადამიანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომელსაც თავად ირჩევს შშმ პირი.

მხარდამჭერი არის ადამიანი, რომელიც ეხმარება მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. მხარდამჭერს შშმ პირს უნიშნავს სასამართლო განსაზღვრულ სფეროში/საკითხში მხარდამჭერად.

რომელი წლიდან აქვთ მუნიციპალიტეტებს პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების ვალდებულება? 

მუნიციპალიტეტები, 2025 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება.

რომელ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პერსონალური ასისტენტის საპილოტე პროგრამა? 

ამ დროისთვის, პერსონალური ასისტენტის საპილოტე პროგრამა შემდეგ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება:

  1. თვითმმართველი ქალაქი ბათუმი - პროგრამა ხორციელდება ქ. ბათუმის მერიის დაფინანსებით, საპილოტე პროგრამა გათვლილია მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირებზე. სერვისის მიმწოდებელი: ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი.
  2. ქედის მუნიციპალიტეტი - პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის და ქედის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, საპილოტე პროგრამა გათვლილია სრულწლოვან შშმ პირებზე. სერვისის მიმწოდებელი: ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის.
  3. შუახევის მუნიციპალიტეტი - პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე პროგრამა გათვლილია სრულწლოვან შშმ პირებზე. სერვისის მიმწოდებელი: ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის.
  4. ხულოს მუნიციპალიტეტი - პროგრამას ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, საპილოტე პროგრამა გათვლილია მკვეთრად შეზღუდული სტატუსის მქონე უსინათლოთა და ეტლით მოსარგებლე პირებზე და ითვალისწინებს გადაადგილების მიზნით ასისტენტის მომსახურების დაფინანსებას. საპილოტე პროგრამით დაგეგმილია, რომ აღნიშნული სერვისით ისარგებლებს 15 ბენეფიციარი, რომელთაც მოემსახურება 15 ასისტენტი.
  5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე პროგრამა გათვლილია სრულწლოვან შშმ პირებზე. სერვისის მიმწოდებელი: ა(ა)იპ "ოდა ქეარ"-ი.
  6. ბაღდათის მუნიციპალიტეტი - პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე პროგრამა გათვლილია სრულწლოვან შშმ პირებზე. სერვისის მიმწოდებელი: ა(ა)იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი.
  7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე პროგრამა გათვლილია სრულწლოვან შშმ პირებზე. სერვისის მიმწოდებელი: ა(ა)იპ ნაბიჯი ხარაგაული. 

საქართველოში, საკანონმდებლო ჩარჩოს მეტნაკლებად მოწესრიგების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძალიან დიდი ნაწილი მშობლებსა და ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული, გარე სამყაროსთან მინიმალური შეხებით, განათლებასა და სამუშაოზე დაბალი ხელმისაწვდომობით (აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მაღალმთიან სოფლებში დგას). 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევის გზაზე, პერსონალური ასისტენტის სერვისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია.

 

ავტორი: დავით არძენაძე

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

სხვა სიახლეები

დედა, როგორც პერსონალური ასისტენტი

კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მონაწილეობა მიიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მიერ მოწყობილ რეგიონალურ კონსულტაციაში