კოალიციამ "ევროკავშირის" მიერ ორგანიზებულ "ევროპის დღის" ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს შორის ტრადიციულად ჩვენი ორგანიზაციაც იყო.
ღონისძიების ფარგლებში, “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მდგომარეობასა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე საქართველოში. ის ასევე შეეხო ევროკავშირისა და აშშ-ის როლს ინკლუზიური პოლიტიკის განვითარებასა და შშმ პირთა ღირსეული და სრულფასოვანი ცხოვრების მხარდაჭერაში.
სტენდთან მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გაეაზრებინათ ფიზიკური ბარიერების გავლენა. საკუთარ თავზე გამოეცადათ დამხმარე ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესაძლებლობები და ჩართულიყვნენ სენსორულ თამაშში, სადაც მხოლოდ შეხებისა და ყნოსვის საშუალებით უნდა გამოეცნოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტი.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სტრატეგიულმა თამაშმა "ბოჩა", რომელმაც გააერთიანა მონაწილეები და ხელი შეუწყო გუნდურ მუშაობასა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ერთმანეთისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს შორის.
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც შეუერთდა ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ქმნის პლატფორმას ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის, სადაც დამოუკიდებელი ცხოვრება აღიარებულია როგორც ფუნდამენტური უფლება და არა პრივილეგია.