"დაფიქრებულხართ, დღის რა ნაწილს ატარებთ მარტო?" - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტის ნატა ბუკიას ბლოგი

A+
A-

სარკეში ვიყურები, მაგრამ მხოლოდ სახის ზედა ნაწილს ვხედავ, რადგან სარკე ძალიან მაღლაა დამონტაჟებული, როგორც ხელის საბანი ნიჟარა, რომელსაც ძლივს ვწვდები. გარეთ მეგობარი მელოდება, რადგან კარი მძიმეა და ზღურბლზე ისეთი გადასასვლელია, აქ მარტო ვერც შემოვაღწევ და ვერც აქედან გავალ,- ეს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილის ადაპტირებული საპირფარეშოა. ამ შენობაში რაიმე განმასხვავებელი ნიშნის გამო არ გაგაკრიტიკებენ. და მაინც, უთანასწორობა უფრო ღრმა დეტალებში იმალება. 

თავში ჯუდი ჰიუმანის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი პირველი აქტივისტის ფრაზა მიტრიალებს:

"დამღალა, იმან რომ ადაპტირებული საპირფარეშოებისთვის მადლიერი უნდა ვიყო. თუ ამის გამო მადლობის თქმა მიწევს, მაშინ როდისღა ვიქნები საზოგადოებაში სხვების თანასწორი?".

ჯუდის ფრაზას კიდევ ერთ ნაწილს დავუმატებდი, მადლობელი უნდა იყო იმისთვისაც, რომ საპირფარეშო ცარიელი დაგხვდეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში იქიდან ან წყვილები ან შეზღუდვის არმქონე პირები გამოდიან და ჩვენ კი, ვისთვისაც სივრცეა გამოყოფილი, კართან გვიწევს ლოდინი. ასეთ მომენტებში ვცდილობ, თავი იმით დავიმშვიდო, რომ სხვებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები არ იციან. არ იციან, რომ შეზღუდვის არმქონე პირისგან განსხვავებით, ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია დიდი ხნით მოთმენა და კართან საათობით დგომა; არ იციან ისიც, რომ თითოეული წუთი გათვლილი გვაქვს, რადგან გარემო ბარიერებითაა სავსე და გადაადგილებაში მეტ დროს ვხარჯავთ. 

რამდენიმე დღის წინ, მეგობრებთან ერთად ფილმის საყურებლად ვიყავი წასული. დარბაზში შესვლამდე, საპირფარეშოს გამოყენება გადავწყვიტე. სავაჭრო ცენტში, სადაც კინოთეატრი მდებარეობს, საპირფარეშოს კარი დაკეტილი დამხვდა. ზედ კი ზარი წარწერით: "დარეკეთ და გაგიღებთ". დავრეკე. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ხმა არსაიდან რომ არ გაისმა, წავედი იმ ადამიანის მოსაძებნად, ვისაც ამ "ჯადოსნური" კარის გაღება შეეძლო.

ალბათ ფიქრობთ, რომ შექმნილი ვითარების გამო ბოდიში მომიხადეს და დაფიქრდნენ, თუმცა, ცდებით, რადგან პასუხი შემდეგი იყო: "ორი წუთით გავედით და რა ამბავი ატეხეთ?" რაკი კინოთეატრის საპირფარეშოზე ვსაუბრობ, აქვე დავამატებ, რომ თბილისში ეტლით მოსარგებლეთათვის კინოთეატრში ფილმის ნახვა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან დარბაზების უმეტესობა ადაპტირებული არ არის. ეტლით მოსარგებლეს კიბეზე ასვლა სხვისი დახმარებით უწევს, შემდეგ ის უნდა გადაჯდეს სკამზე, რადგან ეტლი სკამებს შორის ვერ ეტევა, ამისთვის საჭიროა, რომ მას თან ახლდეს შესაბამისი ფიზიკური მონაცემების მქონე რამდენიმე მეგობარი, ან დახმარებისთვის დაწესებულების თანამშრომლებს უნდა მიმართოს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეტლით მოსარგებლეებს ინდივიდუალური საჭიროებები აქვთ და შეიძლება მათთვის ეტლიდან სკამზე გადაჯდომა საფრთხის შემცველიც კი იყოს. მაგრამ ამაზე არც არავის უფიქრია, რადგან

საავადმყოფოს ან მსგავსი სამედიცინო დაწესებულებების გარდა, როგორც წესი, არსად გველიან.

ისევ საპირფარეშოებს რომ დავუბრუნდე... სხვებისთვის რაც ერთი ამბის ატეხვას ჰგავს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან შეზღუდვის არმქონე პირთა საპირფარეშოებს გასაღებით არავინ კეტავს. თქვენ ნებისმიერ დაწესებულებაში სპონტანურად მიდიხართ. წინასწარ არ რეკავთ და არ არკვევთ საპირფარეშომდე ეტლით მიისვლება თუ არა, ან კარი თუ დაგხვდებათ ღია. ჩვენ კი, დიდი ხნით ადრე გვიწევს ვრეკოთ და ვარკვიოთ არის თუ არა შენობაში ადაპტირებული გარემო. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს კითხვებს დუმილით პასუხობენ, რადგან არ იციან რას გულისხმობს ადაპტირებული გარემო. არ იციან, რომ ჩემთვის თუნდაც ერთი საფეხურის ავლა შეიძლება დაუძლეველი პრობლემა იყოს. არ იციან, რომ ადაპტირება მხოლოდ პანდუსის ქონას არ ნიშნავს.

დაფიქრებულხართ, დღის რა ნაწილს ატარებთ მარტო?

ალბათ დიდს. მიდიხართ მაღაზიაში, სეირნობთ მარტო, სახლამდე გზას დამოუკიდებლად გადიხართ, შემდეგ შეიძლება მეგობრების სანახავად მოგინდეთ გასვლა და ამასაც უპრობლემოდ შეძლებთ. ახლა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რაიმე ტიპის შეზღუდვა გაქვთ (ხართ ეტლით მოსარგებლე, ან უსინათლო) და გაიხსენეთ ის გზა, რომელსაც მარტო გადიხართ, შენობები სადაც შედიხართ, ტრანსპორტი, რომლითაც ყოველ დღე სარგებლობთ. ალბათ მიხვდებით, რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება.

ამ სირთულეების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ან სახლში დარჩენა გვიწევს, ან დანიშნულების ადგილამდე დიდი ძალისხმევის ფასად მისვლა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარებას უმეტესწილად მეგობრები ან ოჯახის წევრები გვიწევენ, რაც არასწორია, რადგან თითოეულ ჩვენგანს პირადი სივრცე გააჩნია, სხვაზე დამოკიდებული ცხოვრება კი, ღირსების შემლახველია. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, როდესაც შენი ნებისმიერი სურვილის მორგება სხვა ადამიანების თავისუფალ დროსა და შესაძლებლობაზე გიწევს. შეძლებენ თუ არა, გამოგყვნენ, წაგიყვანონ?... ასეთი თხოვნით, მათაც დამატებით პასუხისმგებლობას ვაკისრებთ და პირად სივრცესაც ვურღვევთ.

სწორედ ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მეტად ადაპტირებული გარემო გვჭირდება. იქ კი, სადაც ამის მიღწევა შეუძლებელია, პერსონალური ასისტენტის სერვისია დასანერგი, რათა ყოველდღიურ აქტივობებში სხვებზე კი არ ვიყოთ დამოკიდებულები არამედ, ამ ყველაფერში დახმარებას შესაბამისი ცოდნისა და გადამზადების მქონე პირი გვიწევდეს.

უამრავი ბარიერის გამო, რომელსაც გარეთ გასვლისას ვაწყდებით და რაზეც ალბათ ყველაზე ნაკლებად დაფიქრებულა საზოგადოება, ჩვენ კვლავ უხილავები ვართ. შემთხვევით თუ  მოგვკრეს თვალი, უხერხულობა და გაურკვევლობა იჩენს თავს, რადგან მათ არც ჩვენი საჭიროებების და არც შესაძლებლობების შესახებ იციან რამე. ამ პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზად საზოგადოებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება მესახება. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათთან ერთად ვცხოვრობთ და საერთო გარემოს ვიყოფთ, რომელიც ჩვენ თვითონვე შევქმენით და ერთმანეთს ბარიერები დავუსახეთ ისე, რომ არც კი ვიზრუნეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

 

ავტორი: ნატა ბუკია

 

"ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

 

სხვა სიახლეები

გარემოს ადაპტირება და ბარიერები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან - ოთო დარბაისელის ბლოგი

საგადასახადო შეღავათები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის