A+
A-

კოალიციას აქვს წევრობის 3 ფორმა: 

 

ა) ნამდვილი წევრი;

ბ) ასოცირებული წევრი;

გ) საპატიო წევრი;

კოალიციის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს: 

ა) ნებისმიერი ფორმის შშმ პირთა (აგრეთვე, მშობელი/მეურვე) მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ნებისმიერი ტიპის მომსახურების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კოალიციის ნამდვილ წევრთა საერთო რაოდენობის 25%-ს.

კოალიციის ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს:

ა) ნებისმიერი ფორმის შშმ პირთა (აგრეთვე, მშობელი/მეურვე) მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია;

ბ) ნებისმიერი ფორმის შშმ ფიზიკური (აგრეთვე, მშობელი/მეურვე) პირი;

გ) ნებისმიერი პირი, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია კოალიციის მიზნებთან. 

საპატიო წევრი შეიძლება გახდეს პიროვნება, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კოალიციის მიზნების მხარდაჭერასა და განვითარებაში. კოალიციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმით მიმართავს კოალიციის გამგეობას. გამგეობა განიხილავს წევრად მიღების მსურველის განაცხადს და ამზადებს მას უახლოეს საერთო კრებაზე წარსადგენად, თუ ის აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ და კოალიციის ორი ნამდვილი წევრის დადგენილი ფორმის წერილობითი რეკომენდაცია. 

კოალიციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ. კოალიციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საწევრო შენატანის სამი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

დ) გარდაცვალებისას (კერძო პირის შემთხვევაში) ან ლიკვიდაციისას (იურიდიული პირის შემთხვევაში);

საერთო კრების გადაწყვეტილებით კოალიციის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოალიციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კოალიციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ეთიკურ ნორმებს.

წევრთა უფლება-მოვალეობანი

კოალიციის ნამდვილ წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს კოალიციის საერთო კრების მუშაობაში;

ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კოალიციის მმართველობის ორგანოებში;

გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის პროგრამებში;

დ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;

ე) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კოალიციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან კოალიციის საქმიანობის შესახებ;

ვ) კოალიციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს კოალიციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ზ) ატაროს კოალიციის ემბლემა.

კოალიციის წევრი მოვალეა: 

ა) დაიცვას კოალიციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს კოალიციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის საქმიანობაში;

დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს კოალიციის მიზნებითა და საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსით აღიარებული პრინციპებით;

ე) გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

კოალიციის ასოცირებული წევრის უფლება-მოვალეობა:

ა) გადაწყვეტილების ხმის უფლებისა და გამგეობის სხდომებზე დასწრების უფლების გარდა სარგებლობს ყველა უფლებით და მოვალეობით, რითაც ნამდვილი წევრი; 

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ფიზიკურ პირებს (აგრეთვე, მშობელი/მეურვე) ბოლო სამი წლის სფეროში აქტიობების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ უფლება აქვთ არჩეულ იქნან კოალიციის გამგეობაში ყველა შესაბამისი უფლებით;

 

წევრობის განაცხადი